ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის კავკასიის ოფისი (TraCCC CO)
კავკასიის ოფისი წარმოადგენს გაერთიანებული კვლევითი ცენტრების (URC) ერთ-ერთ კომპონენტს. გაერთიანებაში შედის რუსეთში მოქმედი ხუთი რეგიონული კვლევითი ცენტრი _ მოსკოვში, პეტერბურგში, სარატოვში, ირკუტსკსა და ვლადივოსტოკში; უკრაინაში მოქმედი სამი რეგიონული კვლევითი ცენტრი _ ხარკოვში, ოდესაში და ზაპოროჟიეში. გაერთიანებული კვლევითი ცენტრები შეისწავლიან ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საკითხებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, აგრეთვე იკვლევენ, თუ რა კავშირი არსებობს ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და კორუფციას შორის რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში. შემდგომში ეს გამოკვლევები გამოიყენება იმ კავშირების შესასწავლად, რომლებიც არსებობს ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და კორუფციას შორის ფართო ტრანსნაციონალურ არენაზე. კავკასიის ოფისი წარმოადგენს TraCCC-ის ინიციატივის მეტად მნიშვნელოვან და ლოგიკურ გაგრძელებას. საქართველოს ოფისს აფინანსებს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალურ განყოფილებასთან არსებული საზღვარგარეთის ქვეყნებში საგამოძიებო საქმის განვითარების ხელშეწყობისა და სწავლების ოფისი (OPDAT).
რატომ საქართველო?
საქართველოში კორუფციის დონე ძალიან მაღალია. Transparency International-ის 2002 წლის მონაცემებით, საქართველო კორუფციის დონის მიხედვით 85-ე ადგილზეა მსოფლიოში.
საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს საქართველოს სტრატეგიულ ადილმდებარეობას და მის მნიშვნელობას მოცემულ რეგიონში.
საქართველოში შედარებით გახსნილი ინტელექტუალური გარემოა, აგრეთვე შედარებით თავისუფალია მასმედია.
საქართველოს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, განახორციელოს პროგრესული პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანასა და რეგიონში.
კავკასიის ოფისის ძირითადი ფუნქციები
კავკასიის ოფისი, სხვა საქმიანობასთან ერთად, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას უწევს შემდეგი პრობლემების გადაწყვეტას:
კანონმდებლობის დამუშავება საქართველოში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
გამოკვლევების წარმოება და პოლიტიკის შემუშავება საქართველოში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შესახებ;
საჯარო ფორუმების საშუალებით პროპაგანდის გაწევა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის თემებზე საქართველოს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებასთან კავშირში;
სასწავლო და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება საქართველოს პოლიტიკოსების, სამართალდამცავი, საკანონმდებლო და სამთავრობო პირებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის ამერიკელ, რუს, უკრაინელ და დასავლეთევროპელ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდების შესწავლის მიზნით;
სასწავლო პროგრამის დამუშავება საქართველოს სამართალდამცავი, საკანონმდებლო, სამთავრობო პირების, აგრეთვე სტუდენტთა და მეცნიერთა სწავლებისათვის დანაშაულისა და კორუფციის ურთიერთკავშირის, სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე.
კავკასიის ოფისი წარმოადგენს მიზნობრივი ინფორმაციის წყაროს პოლიტიკოსებისა და მთელი საზოგადოებისთვის. ოფისის დაარსება იძლევა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის პრობლემებზე მიზნობრივი სამეცნიერო ინფორმაციის ეფექტური გავრცელების საშუალებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.