პროგრამის სტრატეგია
პროგრამა მოიცავს საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ექვს ძირითად სტრატეგიას:
1. პოლიტიკურ-ეკონომიკური თეორიული და პრაქტიკული გამოკვლევების წარმოება ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის სფეროში, მათ შორის მისი ფესვების, მახასიათებლების, მსოფლიოს თანამედროვე მოდელების გამოკვლევა, კავკასიაში კორუფციის სპეციფიკის შესწავლა და მისი ანალიზი დსთ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, საქონლის კონტრაბანდის, პრივატიზაციისა და ფინანსური დანაშაულის, ფულის გათეთრების, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ადამიანების ტრეფიკინგისა და ტერორიზმის მწვავე პრობლემებს. ეს მიმართულება შეისწავლის იმ დაჯგუფებებს, რომლებიც ჩაბმულნი არიან ამ სახის დანაშაულობებში, აგრეთვე მათ კავშირებს სხვა კორუფციულ და კრიმინალურ დაჯგუფებებთან.
2. იმ სოციალური ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია, რომელთაც უშუალოდ განიცადეს საქართველოში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შედეგები. ამ ჯგუფებს განეკუთვნებიან ისინი, რომლებიც დაზარალდნენ არათანაბარი პრივატიზაციის, შავი ბაზრისა თუ რეკეტის მოქმედების, აგრეთვე განათლებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გამეფებული კორუფციის შედეგად. ოფისის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება ისეთი კრიმინალური ქმედებების მსხვერპლთა პრობლემები, როგორიცაა ტრეფიკინგი, ლტოლვილთა არალეგალური გადაყვანა საზღვარზე და ნარკობიზნესი. კავკასიის ოფისი ხელს შეუწყობს დაზარალებულთა მობილიზაციას მათი უფლებების დასაცავად, საზოგადოებაზე ზეგავლენის გასაძლიერებლად და ადმინისტრაციულ სტრუქტურებზე მოქალაქეთა მეთვალყურეობის დაწესების მიზნით.
3. ოფისი მოიძიებს ინფორმაციას ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროებში, როგორიცაა ბენზინის, ნავთობისა და ელექტროენერგიის იმპორტი, წარმოება და განაწილება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აშკარაა ამ სფეროში რუსეთსა და საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულს შორის არსებული კავშირები (რუსეთში ორგანიზებული დანაშაულის "ლიდერთა" დაახლოებით 30% წარმოშობით საქართველოდან არის). სტრატეგიული ანალიზი მოიცავს აგრეთვე საქართველოსა და კავკასიაში (სამხრეთი და ჩრდილოეთი) ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის არსებულ კავშირებს, საზოგადოდ, მათ კონტაქტებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან მსოფლიოში და ამ ტერორისტული ორგანიზაციების დამფინანსებლებთან.
4. ანტიკორუფციული ინიციატივების, კვლევითი დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაცია. კავკასიის ოფისი არის დამაკავშირებელი რგოლი სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ ანტიკორუფციულ ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ამავე დროს, არის რუსეთსა და უკრაინაში მოქმედი სხვა გაერთიანებული კვლევითი ცენტრების პარტნიორი. საქართველოს ოფისი ავითარებს კავშირებს აშშ-ს წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო, მსოფლიო ბანკი, ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ინტერესთა სხვა ჯგუფები, რაც მიზნად ისახავს ინფორმაციის გაცვლას მათი საქმიანობის შესახებ. კავკასიის ოფისი არის ხიდი, რომელიც კავკასიის რეგიონში მიმდინარე ანტიკორუფციულ მოძრაობას აკავშირებს მსოფლიოში ტრანსნაციონალური დანაშაულის, ცუდი მმართველობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობასთან.
5. არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესება. არსებული სამოქალაქო კანონებისა და წესების ხელშეწყობით, ეკონომიკის დიდი ნაწილი კვლავ რჩება ჩრდილოვან ეკონომიკად. ის ფაქტი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა შეადგენს მთლიანი ეკონომიკის ნახევარზე მეტს, ნოყიერ ნიადაგს ქმნის კორუფციისათვის, უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის სფეროში. ოფისი ჩრდილოვანი ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით განიხილავს ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე არსებულ და შემოთავაზებულ საგადასახადო პოლიტიკას, რომელიც უნდა გახდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგიტიმიზაციის საფუძველი.
6. საქართველოს მთავრობისა და საქართველოში მოქმედი ანტიკორუფციული ჯგუფებისათვის რეკომენდაციების მომზადება ქვეყანაში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ. კავკასიის ოფისი თანმშრომლობს ყველა დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურასთან, რაც გულისხმობს ოფისის მიერ მომზადებული მასალების მიწოდებასა და კონსულტაციების გაწევას.
|